Skip to content

მოევლინა თუ არა შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაიმე სახის სასწაულებით?

مصدر الإجابة
قسم النبوة
الباب / الفصل
(قسم النبوة)

السؤال

მოევლინა თუ არა შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაიმე სახის სასწაულებით?

الجواب

სასწაულში იგულისხმება ზებუნებრივი მოვლენა, რომელსაც ალლაჰი წინასწარმეტყველის ხელით ახდენს, რათა იგი იყოს უდავო მტკიცებულება თავისი ხალხისადმი მისი მოწოდებისას. როგორც იბრაჰიმის (მშვიდობა მას) სასწაული, როდესაც იგი ცეცხლში ჩააგდეს და ის მისთვის სიგრილედ და სამშვიდობოდ იქცა; და როგორც მუსას (მშვიდობა მას) სასწაულები: მათ შორის კვერთხი, ხელი და წარღვნა; და ისას (მშვიდობა მას) სასწაული, რომელიც კურნავდა ბრმასა და კეთროვანს და ალლაჰის ნებით აცოცხლებდა მკვდრებს. შესაძლოა ალლაჰმა გამოაგზავნოს მოციქული და არ უბოძოს მას ზებუნებრივი სასწაული, არამედ წინასწარმეტყველის მდგომარეობა, მისი კეთილსინდისიერება და ის გამოცხადება, რაც მან მოიტანა, საკმარისი იყოს იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ალლაჰისგან გამოგზავნილი წინასწარმეტყველია. შესაბამისად, ადამიანები არჩევენ მართალს მატყუარასგან; და სწორედ ამიტომ, როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მედინაში ჩავიდა, აბდულლაჰ იბნ სალამმა თქვა:

«ხალხი მის შესახვედრად დაიძრა და მეც მათ შორის ვიყავი, ვინც დაიძრა. როდესაც მის სახეს დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს სახე ვერ იქნებოდა მატყუარას სახე. და პირველი, რაც მისი მხრიდან მოვისმინე, იყო მისი სიტყვები: გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში»

[მუსნად აჰმადი (23784) და ათ-თირმიზი (2485) და იბნ მაჯა (1334)].

ალლაჰი დაეხმარა თავის წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს (მშვიდობა მათ) ცხადი აიათებითა და უდავო მტკიცებულებებით. ეს სასწაულები განსხვავდებოდა და მრავალფეროვანი იყო, თუმცა ალლაჰმა ყველა წინასწარმეტყველის სასწაული ისეთი გახადა, რაც საკმარისი იყო ადამიანებისთვის, რომ ერწმუნათ, და ამით დადგენილიყო მათზე მტკიცებულება; რათა სცოდნოდათ, რომ იგი ალლაჰიდან გამოგზავნილი წინასწარმეტყველია. წინასწარმეტყველმა ﷺ თქვა:

«არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაულები არ მისცემოდა, რითაც ირწმუნა, ან ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის».

[შეთანხმებული ჰადისი: გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (7274), და მუსლიმი ნომრით: (239)].

ჩვენს შუამავალს ﷺ ებოძა მრავალი სასწაული. იბნ ქასირმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ამასთან დაკავშირებით იმამებმა ათასზე მეტი სასწაული შეაგროვეს, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინო და დიდი სასწაული დიდებული ყურანია, რომელსაც სიცრუე ვერ მიეკარება ვერც წინიდან და ვერც უკნიდან; რომელიც მოვლენილია ბრძენი და ქებული (ალლაჰის) მიერ. მისი სასწაულებრიობა ვლინდება როგორც მის სიტყვებში, ასევე მის მნიშვნელობაში. რაც შეეხება მის სიტყვებს, იგი მჭევრმეტყველების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს, და ვისაც უღრმავდება ცოდნა ამ საკითხში, მით უფრო უდიდდება ყურანისადმი მოწიწება. მან გამოიწვია თავისი დროის მჭევრმეტყველნი და ორატორები, მიუხედავად მათი მისდამი ძლიერი მტრობისა და მისი სიცრუედ შერაცხვის დიდი სურვილისა, რომ შეექმნათ მისი მსგავსი, ან მისი მსგავსი ათი სურა (თავი), ან ერთი სურის (თავის) მსგავსი მაინც, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. და ამცნო მათ, რომ ისინი ამას ვერასოდეს შეძლებდნენ. უფრო მეტიც, მან ერთიანად გამოიწვია ადამიანები და ჯინები, რომ შეექმნათ მისი მსგავსი, მაგრამ არავის შეეძლო მისი მსგავსის შექმნა. მან ამცნო მათ ამის შესახებ, უზენაესმა ალლაჰმა კი ბრძანა:“

უთხარი: თუნდაც, [რომ] გაერთიანდნენ ადამიანები და ჯინები იმისათვის, რომ მოიტანონ [შექმნან] მსგავსი ამ ყურანისა, ვერ მოიტანენ მის მსგავსს [ვერ შექმნიდით], თუნდაც ერთიმეორეს დაეხმარონ.

(ალ-ისრა: 88),

და სხვა მრავალი ასპექტი, რაც ადასტურებს მის სასწაულებრიობას; ხოლო რაც შეეხება მის მნიშვნელობას, იგი გამოირჩევა უმაღლესი დონის ურთიერთკავშირითა და სიბრძნით, წყალობითა და სარგებლიანობით, სასიკეთო შედეგითა და თანხვედრით, უმაღლესი მიზნების მიღწევითა და ზიანის გაბათილებით, და სხვა ყველაფრით, რაც ცხადი ხდება მისთვის, ვისაც გააჩნია ნათელი გონება და საღი აზროვნება, რომელიც თავისუფალია ეჭვებისა და ვნებებისგან. ჩვენ ალლაჰს ვთხოვთ, რომ დაგვიფაროს მათგან და ვთხოვთ მას ჭეშმარიტ გზაზე წინამძღოლობას.

ამის დასტურია ისიც, რომ იგი გაიზარდა ხალხში, რომლებიც კარგად იცნობდნენ მის წარმომავლობას, აღზრდასა და მის ყოველ ნაბიჯს. ის მათ შორის ობლობაში იზრდებოდა; იყო სანდო, მართალი, კეთილშობილი და გონიერი. ეს ყველამ იცოდა, და ამას არ უარყოფს არავინ, გარდა ჯიუტი, დემაგოგი და ამპარტავანი ადამიანისა. მან არც კითხვა იცოდა და არც წერა, არ შეეძლო წერა, არ ჰქონია შეხება ამ საქმესთან და არც მის მცოდნე ხალხთან. მათ ქვეყანაში არ არსებობდა წინაპართა ცოდნა და არც ისეთი ვინმე, ვისაც რაიმე ეცოდინებოდა ამის შესახებ. და აი, თავისი ცხოვრების ორმოცი წლის თავზე, ის მოვიდა მათთან და დაწვრილებით და ნათლად აუწყა წარსულის შესახებ, რასაც ადასტურებდნენ წინა წიგნების სწავლულები, რომლებიც ღრმად ჩაწვდომილნი იყვნენ მათში და ჭეშმარიტების გზას ადგნენ... ამასვე განეკუთვნება ისიც, რის შესახებაც აუწყა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ ყურანში და მისგან გადმოცემულ უტყუარ ჰადისებში მომავალი უხილავი ამბების შესახებ, რომლებიც სრული სიზუსტით დაემთხვა მის სიტყვებს, და რისი დაწვრილებითი გადმოცემაც აქ ძალიან შორს წაგვიყვანდა.

და ამათ შორისაა ის განსაცვიფრებელი სასწაულები, რომლებიც უზენაესმა ალლაჰმა მისი ხელით გამოავლინა. მათ შორისაა ის, რაზეც ალლაჰმა (ძლევამოსილი და დიდებულია იგი) გვაუწყა თავის ძვირფას წიგნში — მთვარის ორად გაყოფა. კერძოდ, როცა წარმართებმა მისგან სასწაული ითხოვეს, და ეს მოხდა ღამით, მან მიუთითა მთვარისკენ და ის ორად გაიყო. მათ ჰკითხეს გარშემომყოფ ტომებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მან ისინი არ მოაჯადოვა, და მათაც აცნობეს იგივე, რაც თავად დაინახეს. ეს ამბავი უწყვეტად (მუთავათირის სახით) არის გადმოცემული გადმოცემათა მცოდნე სწავლულთა შორის, და იგი გადმოსცა არაერთმა საჰაბამ (ალლაჰი იყოს კმაყოფილი ყველა მათგანით),

და ამათ შორისაა ის, რაც გამოვლინდა მისი ვედრების კურთხევით... მათ შორისაა ის, რომ მან ﷺ შეჰღაღადა უზენაეს ალლაჰს იმ თიკნის შესახებ, რომელიც იბნ მასუდთან ერთად იყო საძოვარზე, ახსენა ალლაჰის სახელი და მოწველა იგი, და მან რძე მისცა, მანაც დალია და აბუ ბაქრსაც დაალევინა. ასევე მოიქცა უმ მა'ბადის ცხვართან დაკავშირებითაც. მან ილოცა ტუფაილ ბინ ამრისთვის, და მის მათრახის წვერზე გაჩნდა სასწაული - მანათობელი შუქი, რომელიც შორიდან ჩანდა. იგივე დაემართათ უსაიდ ბინ ალ-ჰუდაირსა და აბბად ბინ ბიშრ ალ-ანსარის, როდესაც ისინი ბნელ ღამეში გამოვიდნენ მისგან. მან შეჰღაღადა ალლაჰს იმ შვიდი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დასცინოდნენ მას ლოცვის დროს, და ისინი ბადრში მოკლეს. მან ილოცა აბუ ლაჰაბის ვაჟის წინააღმდეგ, და ალლაჰმა მას შამში მხეცი მიუსია მისი ﷺ ვედრების შესაბამისად. მან ილოცა სურაყას წინააღმდეგ, და მისი ცხენის წინა ფეხები მიწაში ჩაეფლო, შემდეგ მან შეჰღაღადა ალლაჰს და გაათავისუფლა ისინი. ბადრში მან ერთი მუჭა კენჭი ესროლა ყურაიშელ ურწმუნოებს, და თითოეულ მათგანს მოხვდა მისი ნაწილი, და ალლაჰმა დაამარცხა ისინი. ასევე მოიქცა ჰუნაინის დღესაც. ბადრის დღეს მან უქაშა ბინ მიჰსანს მისცა შეშის ნაჭერი, რომელიც მის ხელში ბასრ მახვილად იქცა. მან აცნობა თავის ბიძას, ალ-აბასს - როდესაც ის ტყვე იყო - იმ ფულის შესახებ, რომელიც მან და უმ ალ-ფადლმა თავიანთი კარის ზღურბლქვეშ დამარხეს, და მან დაუდასტურა ეს. მან აცნობა უმაირ ბინ ვაჰბს, რომ იგი მის მოსაკლავად იყო მოსული, როცა ის იმიზეზებდა, რომ ბადრის ტყვეების გამოსასყიდად მოვიდა, მანაც აღიარა ეს და მაშინვე მიიღო ისლამი, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი. უჰუდის დღეს მან დაუბრუნა თვალი ყათადა ბინ ალ-ნუმან ალ-ზაფარის მას შემდეგ, რაც ის ლოყაზე გადმოუვარდა - და ნათქვამია: მას შემდეგ, რაც მის ხელში აღმოჩნდა - და ის მის თვალებს შორის საუკეთესო გახდა, ისე რომ მეორისგან არ განირჩეოდა. ხანდაყის დღეს მან ჯაბირის სახლში ერთი თიკნითა და ერთი საა (ჯამი) ქერით გამოკვება უზარმაზარი ბრბო, რომელიც ათასს უახლოვდებოდა. ისევე, როგორც იმ დღეს გამოკვება ხალხი მცირეოდენი ფინიკით, რომელიც ბაშირის ქალიშვილმა მოიტანა. ასევე, მან გამოკვება ოთხმოცამდე ადამიანი იმ საჭმლით, რომელსაც მისი კეთილშობილი ხელი თითქმის მთლიანად ფარავდა. და ასევე მოიქცა იმ დღეს, როდესაც ზაინაბ ბინთ ჯაჰშზე იქორწინა,

რაც შეეხება თაბუქის დღეს, ეს იყო საოცარი მოვლენა, მან გამოკვება ჯარი და მათ აავსეს ყველა თავისი ჭურჭელი თხის დასაწოლი ადგილის ოდენობის საჭმლით, და მან მისცა აბუ ჰურაირას, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, საგზლის ტომარა, საიდანაც იგი მთელი თავისი ცხოვრება ჭამდა, და მისგან ბევრი რამ გაამზადა ალლაჰის გზაზე, და ის მას ჰქონდა ოსმანის მკვლელობის დღეებამდე..., და მან შეევედრა უზენაეს ალლაჰს, როდესაც გვალვა დაუდგათ, და არ ჩამოსულა მინბარიდან, სანამ მეჩეთის ჭერიდან წყალი არ ჩამოედინა მის წვერზე ﷺ, მანამდე კი ცაში არ ჩანდა არც ღრუბელი, არც ღრუბლის ნაგლეჯი და არც ხელისგულის ოდენა რამ, შემდეგ, როდესაც მან მათთვის მოწმენდილი ამინდი ითხოვა, ღრუბლები გაიფანტა მედინიდან, ისე რომ მედინა გვირგვინივით გახდა, და მან შეევედრა ალლაჰს ყურაიშების წინააღმდეგ, და მათ დაატყდათ თავს აუწერელი გაჭირვება, სანამ არ სთხოვეს შეწყალება, მანაც შეიბრალა ისინი და შვება მისცა მათ, და მოუტანეს ჭურჭელი წყლით, რათა განბანვა შეესრულებინა, და იქ მყოფმა ხალხმა მოისურვა მასთან ერთად განბანვა, ამიტომ მან ხელი ჩაყო იმ ჭურჭელში, მაგრამ ის არ დაეტია, შემდეგ მან შეევედრა ალლაჰს და წყალმა ამოხეთქა მის თითებს შორის ﷺ, და ასევე მოიქცა ჰუდაიბიას დღეს, და ჯარი შეადგენდა ათას ოთხას კაცს, თქვა ჯაბირმა:

«ასი ათასიც რომ ვყოფილიყავით, საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის»,

ასევე მოიქცა ის ერთ-ერთ მოგზაურობაში წყლის ტიკში დარჩენილი წყლის წვეთით. გადმომცემელმა თქვა: "როდესაც მან მიბრძანა მისი ჭურჭელში ჩასხმა, შემეშინდა, რომ გამომშრალი ტიკი მას შეიწოვდა". მან ჩაყო მასში თავისი ხელი, შეევედრა უზენაეს ალლაჰს, და მის თითებს შორის წყალმა ამოხეთქა მისი საჰაბებისთვის, სანამ არ განიბანნენ და არ დალიეს. ასევე გაგზავნა მან თავისი ისარი ჰუდაიბიას წყაროში, ის ჩაუშვეს მასში და წყალმა იხეთქა, სანამ მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.. და ის, რაც ჩვენ ვახსენეთ, საკმარისია, თუ უზენაესი ალლაჰი ინებებს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკიცებულება, რომელიც მის შუამავლობაზე ﷺ მიუთითებს, არის მისი მოძღვრების შენარჩუნება, თითქოს ის დღეს იქნა გარდმოვლენილი ყოველგვარი სახეცვლილებისა და დამახინჯების გარეშე. მისი სარწმუნოება დღემდე პრაქტიკულად სრულდება ისე, როგორც მან გადასცა თავის უმმეთს ﷺ, და მასში არაფერი შეცვლილა. ლოცვას, რომელსაც ლოცულობდა შუამავალი ﷺ, ასევე ზაქათს, მარხვას, ჰაჯობასა და სხვა ისლამურ რიტუალებს მუსლიმები ასრულებენ ზუსტად ისე, როგორც ამას შუამავალი ﷺ ასრულებდა. მისი მიმდევრები ﷺ დღემდე მტკიცედ ინარჩუნებენ თავიანთ სარწმუნოებას, და ამ რელიგიაში ყოველდღიურად ჯგუფ-ჯგუფად ერთვებიან ყველა რასისა და ენის წარმომადგენლები. ის სულ უფრო მყარდება და ვრცელდება, ხოლო ვინც მას იკვლევს, რწმუნდება მის ჭეშმარიტებაში, მის სიკეთეში, მის დოგმატურ და ზნეობრივ სისწორეში, ასევე ურთიერთობებსა და კანონებში.

ყოველივე ეს ეწინააღმდეგება მესიის (მშვიდობა მას) გაფრთხილებას, როდესაც მან თქვა, როგორც ეს მათეს სახარებაშია: "ფრთხილად იყავით ცრუ წინასწარმეტყველებისგან, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსით მოდიან, მაგრამ შინაგანად მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ, ან ბირკიდან - ლეღვს? ასევე, ყოველი კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ცუდ ნაყოფს ისხამს. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება, და არც ცუდ ხეს - კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველი ხე, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, იჭრება და ცეცხლში იყრება. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ" (მათ. 7: 15-20).

ვფიცავ ალლაჰს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკიცებულება, საბუთი და სასწაული, რომელიც მოწმობს მისი ﷺ შუამავლობის სიმართლეზე, მისი მოძღვრების სრულყოფილებასა და განკითხვის დღემდე მისი რელიგიის შენარჩუნებაზე. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალს მუჰამმადს.

იხილეთ: ალ-ფუსულ ფი ალ-სირა გვ. 228-236.

المصدر

قسم النبوة

ملاحظات

--